ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი არის სრული ოლიგარქი.

„მას აქვს წაღებული დიდი ფული, ხალხისგან ნაძარცვი ფული. ის იყო თავდაცვის მინისტრი და აქედან ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის კომპანიის მფლობელი. ამ ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში, რაც არის მიუღებელი ქართული კულტურისთვის. მან აღიარა, რომ არის ოლიგარქი და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. რაც წერია ევროკომისიის დოკუმენტში, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. რა ფორმით შესრულდება, ეს ცალკე განხილვის თემაა, თუმცა ჩვენს ქვეყანას დეოლიგარქიზაცია ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროცესები, რაც ვითარდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის ძალიან კარგი.

„არის შიდა დაპირისპირებები, არის სხვადასხვა პრობლემა, რაც ვლინდება, მათ შორის, არის არაფორმალური მმართველობის პრობლემა, არის რეალური თავმჯდომარე და არის რეალური ბელადი, არის ოლიგარქის პრობლემა. ხედავთ, რომ მსხვილი თანხები იხარჯება არალეგალური ფორმით, რასაც აღიარებს თავად კეზერაშვილი. არის უამრავი ტიპის პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში არის იმის შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლება სათანადოდ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ასეთ დროს ასეთი ძალების წარმატების შესაძლებლობა არ იქნება, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომშიც ხელი უნდა შევუწყოთ ასეთი პროცესების განვითარებას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.