ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა, რათა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა, რათა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ

ჩანს ტაქტიკა – „ნაცმოძრაობა“ თუ ცოტა ქვევით დაიწევს, ზევით შეიძლება, აიწიონ სხვა სუბიექტებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რეალურად რასაც ვუყურებ, აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დასწიონ დაბლა. ეს არის ერთგავრი ტაქტიკური გათვალა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავაშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ, ამიტომ, კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კიკნლაობა პარტიის შიგნით. რა უნდა კაცის გარიცხვას, თუ გინდა, აქამდე გარიცხავდი, თუ არ გაწყობს „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აშკარად ჩანს ტაქტიკა, რომელიც პირდაპირ არის მიმართული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლებისკენ და ეს კეთდება, პირველ რიგში, დავით კეზერაშვილის ხელით.

„ანუ ეს არის აშკარა ტაქტიკა იმისათვის, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვა პარტიები, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ. ნებისმიერი, ეს შეიძლება, იყოს „ლელო“, „გირჩი“, გახარია, ყველას აქვს ეს კავშირები. მათთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, პარტია „ნაცმოძრაობა“ მიიღებს რაღაც პროცენტს თუ „ნაცმოძრაობა“ „ლელოსთან“, გახარიასთან და „გირჩთან“ ერთად. ერთი პოლიტიკური ძალაა, ერთი სუბიექტია და ჩანს ეს ტაქტიკა – „ნაცმოძრაობა“ თუ ცოტა ქვევით დაიწევს, ზევით შეიძლება, აიწიონ სხვა სუბიექტებმა. ეს არის მათი გათვლა. ამიტომ არის, რომ დანიშნეს ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ და ა.შ. ეს პროცესები მიზანმიმართულად ემსახურება იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ პროცენტი ქვევით ჩამოუვიდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მე არ ვიცი, ამ ყველაფერს ვინ ქმნის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები საჩვენოდ მუშაობენ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.