ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, როცა „ბიბისიდან“ იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დანაშაულებრიობას, არის გოიმობა
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ წილის ნახევარის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას.
კობახიძის თქმით, ყველამ, ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამა თუ იმ ტელევიზიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაშია, უნდა იცოდეს, ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით.
„ეს ტელევიზია თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: პირველი, ეს იყო ბიზნესის რეკეტი; მეორე იყო ჯარის ძარცვა და მესამე არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა. როდესაც ვიღაცები, ე.წ. ლიბერალების ნაწილი დღეს ამბობს, თურმე რა გაიგეს და ა.შ., მე მათ მინდა, შევახსენო ერთი რამ, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის და ეს არ არის რაიმე ახალი. როცა „ბიბისიდან“ იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დანაშაულებრიობას, ეს არის გოიმობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. შესაბამისად, ყველამ, ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამა თუ იმ ტელევიზიას – მარტო „ფორმულაზე“ ხომ არ არის საუბარი, იგივე ეხება სხვა ტელევიზიებსაც, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში ამა თუ იმ ფორმით – უნდა იცოდეს, მათ შორის, მაყურებელმაც რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით. კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული, სააკაშვილის ფული არის სისხლიანი ფული. შესაბამისად, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, – „კეზერაშვილის ექსტრადირებასა და ქოლცენტრების პრობლემაზე მას შემდეგ რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ საუბარი, როდესაც „ბიბისიზე“ სიუჟეტი გავიდა?“ – კობახიძემ უპასუხა, რომ „ეს ტყუილია“.
„პროკურატურამ ჩაატარა ძალიან ხმამაღალი ბრიფინგი გერმანელ კოლეგებთან ერთად, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ბრიფინგი შეეხებოდა კეზერაშვილის ქოლცენტრების საქმის გამოძიებას. პროკურატურა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, დაინტერესებულია ძალიან დიდი ხანია და გავიმეორებ, ამ საქმის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით ქართულმა პროკურატურამ ჩაატარა დაახლოებით ორი თვის წინ. შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით ინტერესი იყო ძალიან მაღალი ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტიც, ხელისუფლება იყო წარმატებით ჩართული გერმანელ კოლეგებთან ერთად ამ საქმის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვას. ქოლცენტრები მუშაობს დახურულ, პრაქტიკულად, გასამხედროებულ რეჟიმში, შესაბამისად, ეს არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომლის გახსნა არის განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენმა პროკურორებმა, გამომძიებლებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, სათანადო დროში უზრუნველყვეს ამ დანაშაულის გამოვლენა და მისი სათანადოდ გამოძიება“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ წილსაც გადასცემს.