ირაკლი კობახიძე - კავშირები რომ არსებობდა სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, დღესავით ნათელია, რას ეფუძნებოდა, არ ვიცოდით, ახლა, როგორც ჩანს, გაჩნდა ეჭვები, არის რაღაც მტკიცებულებები
ირაკლი კობახიძე - კავშირები რომ არსებობდა სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, დღესავით ნათელია, რას ეფუძნებოდა, არ ვიცოდით, ახლა, როგორც ჩანს, გაჩნდა ეჭვები, არის რაღაც მტკიცებულებები

გამიჭირდება ამ დეტალებში შესვლა. ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა კავშირები რომ არსებობდა მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს დღესავით ნათელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძემ უპასუხა კითხვას: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის ბოლოს სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის შედგა საიდუმლო შეხვედრა და მან ამ შეხვედრაზე მოითხოვა სიღნაღში მდებარე სასტუმრო „ხირსას“ გადაფორმება. არსებობს ვარაუდი, რომ გარიგება შედგა, რადგან სოსო გოგაშვილის შვილის სახელზე აღმოჩნდა დასახელებული სასტუმრო. ამასთან, ექსპერტების ნაწილი საუბრობს, რომ სოსო გოგაშვილმა თავისი ქონება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვით დააგროვა. რა შეფასებას გააკეთებდით?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირზე, როგორც ჩანს, არის მტკიცებულებები და საკითხით ყველა უნდა დაინტერესდეს.

„გამიჭირდება ამ დეტალებში შესვლა. ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა კავშირები რომ არსებობდა მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს დღესავით ნათელია, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. რას ეფუძნებოდა ეს, არ ვიცოდით. ახლა როგორც ჩანს, გაჩნდა რაღაც ეჭვები, არის რაღაც მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ამით ყველა უნდა დაინტერესდეს, მათ შორის შეიძლება, გამოძიებაც დაინტერესდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.