ირაკლი კობახიძე - კარლ ჰარცელმა 142 ხმაში ალბათ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩათვალა, რადგან მათ შეთანხმებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი
ალბათ, ევროკავშირის ელჩმა ამ ხმებში „ნაციონალური მოძრაობა“ ჩათვალა იქედან გამომდინარე, რომ მათ შეთანხმებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მან დაითვალა 142 ხმა, რომელიც 8 მარტის შემდეგ საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს“.
კობახიძის თქმით, ელჩებმა მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ.
„თუმცა, ნახეთ, რომ ისინი ყურად არ იღებენ ელჩების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც არ იღებენ მინაწილეობას კენჭისყრაში, რაც მიუღებელია და ისინი ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელთაც არ აინტრესებთ ის, თუ რას ამბობს, დასავლეთი მათზე და რას მოუწოდებენ ოფიციალური პირები, ოფიციალური დასავლეთი.
ეს არის მათი სახის კიდევ ერთი ჩვენება. ის, რომ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, მაგრამ ცვლილებების შესაბამისად ემზადებიან მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უპრინციპობას. მათ იციან, რომ „ქართული ოცნებისგან“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს. არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა პარტიებიც, რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
როცა კონსტიტუციურ პროექტს ამ პირობებში არ აძლევენ ხმას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არიან აჭრილები იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ჩავარდნილი არიან. მძიმე მდგომარეობაში იმას ვგულისხმობ, რომ მათ საზოგადოების არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ. ერთია 12-პროცენტიანი პარტია, მეორე სამპროცენტიანი. ალბათ, ამასაც ვერ შეინარჩუნებენ ოქტომბრამდე, რადგან შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.