ირაკლი კობახიძე - კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკმარისად რბილი და ამავე დროს, მკაცრი სანქციები დაწესდება
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ისეთი სანქციები დაწესდება, რაც ერთდროულად საკმარისად რბილიც იქნება და მკაცრიც, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსჯელობა უნდა შედგეს პროპორციული და რაციონალური ზომის შემოღებაზე.
„მთავარია, ვიმსჯელოთ, მაქსიმალურად პროპორციულ და რაციონალურ ზომაზე, რაც შეიძლება, კარანტინისა და თვითიზოლაციის დარღვევისთვის იყოს გამოყენებული. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ზომას იყენებს. ვიმოქმედებთ თანაზომიერი პრინციპის შესაბამისად. აქ იქნება დაწესებული ისეთი სანქციები, რაც იქნება ერთდროულად საკმარისად რბილიც და მკაცრიც“, – აღნიშნა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს. მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება.