ირაკლი კობახიძე - კანონში როცა წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა, რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს
კანონში როცა წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა, რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აქედან ჩანს, რომ კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცებს აღელვებთ გამჭვირვალობა.
„რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, საგადასახადოს და ა.შ. თავისი შინაარსით, თავისი ერთობლიობით არ განეკუთვნება ეს რეგულაციები ამ კონკრეტულ კანონებს. ერთი ის, რომ დაფინანსება შეიძლება, არ იყოს საგრანტო და გრანტების კანონში ვერ ჩაწერ, თუ გრანტსაც ეხება და არაგრანტსაც და საგადასახადოს საერთოდ არ ეხება, საგადასახადოს მიზანი საერთოდ არ აქვს ამ კონკრეტულ კანონს. ამიტომ იურიდიული ტექნიკის კუთხითაც და ყველანაირად, ერთადერთი ალტერნატივა არის ის, რომ ცალკე კანონით მოაწესრიგო ეს საკითხი, რადგან თვისებრივად ახალი ურთიერთობები წესრიგდება, რომელსაც არ აქვს ასეთი შემხებლობა არცერთ სხვა მოქმედ კანონთან, კომპლექსურად არ ჯდება არცერთ კანონში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ რაღაც აჩემებას ჰგავს, რომ გაქვს მუხლების ერთობლიობა, ცალკე კანონად იღებ და რატომ უნდა გადასვა ყველა ეს კანონი, რა იცვლება, ეს ხომ აჩემებასავით არის, რომ ყველა ეს მუხლი აიღე და გადასვი საგადასახადო კოდექსში და ამით ეს ე.წ. რუსული კანონი გახდება აფრიკული, თუ ამერიკული, თუ სადაური? იმ დონეზე არ აქვთ არგუმენტები, ასეთი სპეკულაციური განცხადებებით გამოირჩევიან. ეს მუხლები თუ მოსწონთ და უბრალოდ ამბობენ, რომ გადაიტანეთ საგადასახადოში ან გრანტების კანონში, მაშინ მუხლები წესრიგში ყოფილა. ანუ, აბსოლუტურ აბსურდში არიან შესულები. კანონში როცა წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა, რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს. რა გაშორებს, რომელი ნორმა გაშორებს, კანონი რატომ გაშორებს, ამაზე არგუმენტი არავის მოუსმენია. აქედან ჩანს, რომ კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცებს აღელვებთ გამჭვირვალობა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, შავი ფული არის პრობლემა როგორც პარტიებში, ისე „ენჯეოებში“
„მაგალითად, ამ სამ ჟურნალისტს აღელვებს, რადგან შეიძლება, მათ შორის, მათი შავი ფული გახდეს საჯარო, ინფორმაცია გახდეს საჯარო საზოგადოებისთვის იმაზე, თუ, მაგალითად, ვინ აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიებს. ყველამ ვიცით, რომ შავი ფული ტრიალებს კონკრეტულ ტელევიზიებში. ხაზარაძეს მიაქვს თვეში 240 000 ლარი „ტვ პირველში“, ეს არის დაუდეკლარირებელი ფული, მაგალითად. ეს ამ კანონს არ ეხება, რადგან მოქალაქეს მიაქვს, მაგრამ, ზოგადად, ვამბობ, შავი ფული არის პრობლემა როგორც პარტიებში, ისე „ენჯეოებში“. კეზერაშვილს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ის აფინანსებს ტელევიზიებს, პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ შავი ფულის ჩვენება ხომ პრობლემაა. სახელს რაც შეეხება, მაშინ გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით. მთავარია, ვიღაცამ გვაღირსოს ერთი კონკრეტული პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით და ზოგადი განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ კანონი არ ვარგა. რატომ არ ვარგა, ხომ უნდა გვითხრან და ვერაფერს გვეუბნებიან, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა პრემიერმა.