ირაკლი კობახიძე - კანონპროექტების მიღების შემდეგაც პარტიებს დრო და სივრცე რჩებათ, რომ მისი ზემოქმედება თავიდან აირიდონ
კანონპროექტების მიღების შემდეგაც პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ დრო იმისთვის, რომ მათ გარკვეული ქმედებები განახორციელონ, რაც თავიდან აარიდებს სახელმწიფო დაფინანსების და უფასო საეთერო დროის მოხსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკუძალა აღნიშნულ კანონპროექტებს არ ექნება.
კანონპროექტების უკუძალას რაც შეეხება, უკუძალა, როგორც ასეთი ამ კანონპროექტებს არ ექნებათ. კანონპროექტების მიღების შემდეგაც პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ დრო იმისთვის, რომ მათ გარკვეული ქმედებები განახორციელონ, რაც თავიდან აარიდებს სახელმწიფო დაფინანსების და უფასო საეთერო დროის მოხსნას. ყველაფერი სამართლებრივად აწონ-დაწონილი და გამართულია. ამ კანონპროექტზე იურისტები ვმუშაობდით და უკუძალის პრობლემა არ არის. კანონპროექტების მიღების შემდეგაც პარტიებს დრო და სივრცე რჩებათ იმისთვის, რომ მათ გარკვეული ქმედებები, კანონპროექტის ზემოქმედება თავიდან აირიდონ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.