ირაკლი კობახიძე - კანონის მიღება აუცილებელია, რათა საქართველოში არ გავრცელდეს ეპიდემია
ბუნებრივია, როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო, რათა ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები. ამ შეზღუდვების დატოვება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
უმრავლესობის წევრი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონპროექტთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან.
„ხვალ განიხილება კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. კანონპროექტის მიზანი არის შემდეგი – ბუნებრივია, როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო, რათა ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები. ამ შეზღუდვების დატოვება არის აუცილებელი იმისათვის რომ ჩვენ სათანადოდ განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიასთან. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივუშვებთ ვირუს. არის მისაღები კონკრეტული ზომები და სწორედ ამ ზომების მიღების უზრუნველყოფას ემსახურება სამართლებრივი ცვლილებები. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები და მე მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს იქნებიან ესენი ფრაქციები თუ დამოუკიდებელი დეპუტატები, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. მათ ძალიან კარგად იციან, რა არის ამ კანონის მიზანი და ისიც იციან, არათუ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელია ამ კანონის მიღება, რათა საქართველოში არ გავრცელდეს ეპიდემია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატმა ოპოზიციის იმ განცხადებებს უპასუხა, რომ კანონპროექტი მანიპულაციის საშუალებას იძლევა და არსებობს რისკი ხელისუფლებამ ბოროტად ისარგებლოს ამ ცვლილებებით.
„ამისათვის არის პარლამენტი, რომელსაც აქვს სრული საზედამხედველო უფლებამოსილებები. პარლამენტს სრულად შეუძლია უფლებამოსილების განხორციელება მათ შორის ნებისმიერ დროს, შეუძლია მთავრობის წარმომადგენლის დაბარება, შეუძლია კითხვების დასმა, ინტერპელაციის წესის გამოყენება. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება სრულად პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ შესაბამისად ამ ნაწილშიც სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი.
ზუსტდება გარკევული ცნებები, მაგალითად, საგანგებო ღონისძიებების ცნება, რომელიც ასახულია ამ კანონში ანუ არის გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც საჭიროებდა დაკონკრეტებას და სწორედ ამ დაკონკრეტებასთან გვაქვს საქმე ამ სამართლებრივ დოკუმენტში. ანუ იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც შემდგომ დაკონკრეტდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით“, – განაცხადა კობახიძემ.