ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მიერ შეცვლილი რიტორიკაც მანიშნებელია, რომ, მაღალი ალბათობით, სტატუსი მოგვენიჭება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
კობახიძის თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რიტორიკის შეცვლაც ამის მანიშნებელია.
„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში იქნება უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, აშკარად მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად ის, რომ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ შეცვალეს საკუთარი რიტორიკა, ასევე იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, ეს პარტიები, „ენჯეოები“ როგორ ცდილობდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ ქვეყანას შესრულებული ჰქონდა მხოლოდ ორი რეკომენდაცია.
ოპოზიციური პარტიები ღიად ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გუშინ მორიგი აღიარება ჰქონდა პეტრე ცისკარიშვილს, ის ამბობდა, რომ კი, სტატუსი უნდა მოგვენიჭოს, მაგრამ როდის, ამაზე დაგვჭირდება ევროპელ პარტნიორებთან მსჯელობა და ა.შ. პირდაპირ თვითონვე აღიარეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, იმავეს აკეთებდნენ სრულიად ღიად და ცხადად „ენჯეოები“, იმავეს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილი. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ეშინოდათ, რომ ამით უფრო მეტად შემცირდებოდა მათი რეიტინგი, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებლობით არის გამსჭვალული საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელსაც აქვს პატრიოტული გრძნობები, უნდა ამოდიოდეს არა საკუთარი სუბიექტური, ვიწროპარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სწორედ სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში. ამ ვითარებაში, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს მათ რეალურ მოტივაციაზე, ისინი არიან უსამშობლო ადამიანები. ჩვეულებრივად, ეს არის ომის პარტია, ეს არის არეულობის პარტია. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და არა იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.