ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, თუ არსებობს საფრთხე, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, მიიღებენ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.
„ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის.
კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა.
ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას.
თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, როგორც თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან.
„სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას.
გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ. მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.