ირაკლი კობახიძე - კამპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან, აგებულია კანდიდატის სტატუსის თემაზე, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად
ირაკლი კობახიძე - კამპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან, აგებულია კანდიდატის სტატუსის თემაზე, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი, წესით, უნდა ყოფილიყო საფუძველი გაერთიანებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს თემა პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის გამოიყენება.

კობახიძის თქმით, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა საქართველოში გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია.

„სამწუხაროდ, რეალურად ეს თემა, კანდიდატის სტატუსს ვგულისხმობ, გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის. საკითხი, რომელიც, წესით, უნდა ყოფილიყო საფუძველი რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებისთვის, უნდა ყოფილიყო საფუძველი თითქოს გაერთიანებისთვის, ვხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც ძალიან ცუდია.

რომ არ ყოფილიყო ეს თემა დღის წესრიგში, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, პოლარიზაციის ხარისხი თვისობრივად უფრო ნაკლები იქმნებოდა. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს, ასე ვთქვათ, კამპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ა.შ. მთლიანად აგებულია კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია. მგონია, რომ პოლარიზაცია არის მოგონილი ტერმინი. სინამდვილეში, რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.