ირაკლი კობახიძე - გიორგი ტუღუშის წარსულის მქონე ადამიანი როდესაც ინიშნება ევროკავშირის სტრუქტურებში, მისაღები არ არის, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის და მათი გადასაწყვეტია
გიორგი ტუღუში ყველაზე ზომიერი იყო „ნაცმოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში“, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკურ წარსულს ეხება, საკუთარ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს სახალხო დამცველის აპარატის მხარდასაჭერი პროექტის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუშის დანიშვნაზე, პროექტი კი ევროკავშირს ეკუთვნის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ტუღუშს სახალხო დამცველობა მაშინ მოუწია, როცა ციხის კადრები გავრცელდა და ყველამ იცოდა, ციხეებში რაც ხდებოდა, მაგრამ, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშებში ეს არ აისახებოდა სათანადოდ.
„მგონი, რაღაცებს პატივი უნდა სცენ ხოლმე, როცა საკადრო გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ამბავი პიროვნული არ არის, პირიქით, გიორგი ტუღუში ყველაზე ზომიერი იყო „ნაცმოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში“, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკურ წარსულს ეხება, საკუთარ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ტუღუშს სახალხო დამცველობა მაშინ მოუწია, როცა ციხის კადრები გავრცელდა და ყველამ იცოდა, ციხეებში რაც ხდებოდა, მაგრამ მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშებში ეს არ აისახებოდა ხოლმე სათანადოდ. კადრების გავრცელების შემდეგ ტუღუშმა სამინისტროს ხელმძღვანელობის თაობაზე სააკაშვილის წინადადება მიიღო, რაც ძალიან მძიმეა. როცა ასეთი წარსულის პირობებში ადამიანი ინიშნება ევროკავშირის ასეთ თანამდებობაზე, ეს მიუღებელია, რადგან ჩვენს ბოლშევიკურ წარსულს ანგარიში ყველამ უნდა გაუწიოს. კონკრეტულ ადამიანს რაიმე „წვლილი“ თუ ჰქონდა სისხლიანი რეჟიმის ფუნქციონიერებაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტრუქტურებში მისი დანიშვნა მისაღები არ არის, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის და მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.