ირაკლი კობახიძე - ჯიუტად ვიმეორებ, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, ჯეფერსონის სამშობლოში ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი
ირაკლი კობახიძე - ჯიუტად ვიმეორებ, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, ჯეფერსონის სამშობლოში ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი

თქვენ და პირადად თქვენ არ გგულისხმობთ, ტელევიზიას და პარტიას ვგულისხმობ, ჯიუტად განაგრძობთ იმის მტკიცებას, რომ ამერიკის საელჩოში ვიღაცები იყვნენ ჩართულნი რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში – დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, რადგან ჯეფერსონის სამშობლოში კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი.

„ამას თქვენ ჯიუტად ავრცელებთ, იმეორებთ ერთსა და იმავე გზავნილს. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთსა და იმავეს, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, რადგან ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ ჯიუტად აგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ მტკიცებას, რომ ამას ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდვია იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლეზე ზემოქმედებაში.

„ნუ ეწევით ანტიდასავლურ პროპაგანდას. როდესაც საუბრობთ, რომ ამერიკის საელჩომ დაიბარა რომელიღაც მოსამართლე, დასაჯა იმის გამო, რომ არ მოეწონა სასამართლო გადაწყვეტილება და ასე შემდეგ, ეს არის პირდაპირი ბრალდება დანაშაულში, დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. ასეთ ბრალდება არის ძალიან მძიმე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ამერიკის საელჩოს ნუ უყენებთ ასეთ მძიმე ბრალდებას. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ჩხიკვაძეზე არავითარი ზემოქმედება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომელიღაც სხვა მოსამართლეს ჰქონოდა რაიმე ვიზიტზე უარის თქმის საფუძველი. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩხიკვაძეზე ზემოქმედება არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონოდა რომელიღაც სხვა მოსამართლეს. ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლეზე ზემოქმედებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.