ირაკლი კობახიძე - ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა
ირაკლი კობახიძე - ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა

მთლიანად, როგორც ასეთი, ჯარიმების ჩამოწერა ალბათ მიუღებელი უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე განაცხადა

კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია მსჯელობა და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული დაბალანსებული სახით.

„თქვენ წარმოიდგინეთ, სამი თვის თავზე პირობითად, ან ერთი წლის თავზე კიდევ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შეზღუდვების დაწესება. შეზღუდვების რეალიზების აუცილებელი პირობა ბუნებრივია ჯარიმებია, თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოებას თუ ეცოდინება, რომ არაფერს არ ნიშნავს ეს სანქციები და ერთი ხელის მოსმით ჩამოიწეროს, ეს ბუნებრივია არის პრობლემა. პრევენციული თვალსაზრისით, ამიტომ ეს ყველაფერი საჭიროებს სიღრმისეულ მსჯელობას. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ეს ჯარიმები არის მძიმე ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომ ეს არის აუცილებლად სამსჯელო საკითხი. ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული დაბალანსებული სახით, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული“,- განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატის თქმით, მსჯელობისას გათვალისწინებული იქნება როგორც მოსახლეობის ინტერესები, ასევე ისიც, რომ მომავალში საგანგებო მდგომარეობა იყოს სწორად მართული.

„ოპოზიცია ითხოვს ზუსტად არჩევნების წინ ამ დავალიანებების ჩამოწერას. ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა, თუმცა ჩვენ ვიმსჯელებთ არა იმის მიხედვით, თუ როდის ტარდება არჩევნები, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომავალშიც საგანგებო მდგომარეობა იყოს სწორად მართული. ასევე იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ბუნებრივი ინტერესები იყოს სათანადოდ დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.