ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მინიშნებები, რომ თუ ჩვენი მხრიდან იქნებოდა რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გიორგი გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა
გიორგი გახარია არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად, რათა რამენაირად იქნებ მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს.
„მაინცდამაინც სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებდი. ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად, რათა რამენაირად იქნებ მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა ეს მათ, ბუნებრივია, არ გამოუვათ. კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. მას აქვს კონკრეტული დავალება, თუმცა ეს დავალება შესრულებადი არ არის. კახა კალაძე პირველივე ტურში იგებს ამ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო კონსულტაციები და დღეს შედგა შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის.
„გუშინ არ ყოფილა არავითარი შეხვედრა. რამდენიმე დეტალს გეტყვით, იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით, რაც ასე ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი იყო ამასთან დაკავშირებით შესაბამისი. ამის შემდეგ იყო არაერთგზის, მისწერა მესიჯი, ურეკავდა კახა კალაძეს გახარია გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა, სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია, მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ საუბრის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.