ირაკლი კობახიძე - იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის, საზოგადოება არჩევანს აკეთებს რეალობის შესაბამისად
ირაკლი კობახიძე - იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის, საზოგადოება არჩევანს აკეთებს რეალობის შესაბამისად

ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი.

კითხვაზე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურისა და ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი აქტების მიზანია, რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება ამაზე არ ააგებს საკუთარ საარჩევნო გადაწყვეტილებას.

„მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად, ვერცერთი ასეთი განხილვა, ვერცერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.