ირაკლი კობახიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით დავის განხილვაში ვერ ჩავერევით, შესაბამისი უწყებები განიხილავენ საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას
კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. ამ დავის განხილვაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ვინმეს სამართლებრივი პრეტენზიები თუ იქნება, შეუძლია, სათანადო ფორმით გამოხატოს.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რაც შეეხება, მინდა, ორმაგ სტანდარტზეც გავამახვილო ყურადღება. გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად. პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ, არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ჩართული იყო ვენეციის კომისია, ევროკომისია. სამართლებრივად, ეს არის ნონსენსი. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ.
რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. ამ დავის განხილვაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით. შესაბამისი უწყებები განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი. თუ ვინმეს ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია, საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადო ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.