ირაკლი კობახიძე - „იუესაიდის“ მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ, ეს შემაშფოთებელია
„იუესაიდის“ მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ინგა თოდრიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კობახიძეს კითხვით მიმართეს: „ადამიანი, რომელიც აფიქსირებს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ მკაფიო პოზიციას, ამავე დროს არის „იუესაიდის“ პროექტ „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილე, რომელსაც სასამართლოს თემაზე რეფორმირების ნაწილი აქვს ჩაბარებული, რამდენად შეიძლება იყოს ობიექტური გადაწყვეტილების მიმღები?“
კობახიძის თქმით, ნებისმიერ თანამშრომელს, მით უმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მოეთხოვება და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამ განცხადებით დაინტერესდება.
„პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სკანდალური განცხადება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და ვიცი, როგორია სტანდარტი როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე უცხოურ ორგანიზაციაში. ნებისმიერ თანამშრომელს, მით უმეტეს, მაღალი რანგის თანამშრომელს, მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. დარწმუნებული ვარ, ასეა „იუესაიდის“ შემთხვევაშიც, თუმცა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას აკეთებს, არამედ აქვს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია და, ბუნებრივია, განცხადება თავისი შინაარსით სკანდალურია. იმედი მაქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამ განცხადებით დაინტერესდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.
იმედია, მომავალში ასეთი სკანდალური ინფორმაციები აღარ გაჟღერდება. გახსოვთ, მანამდე იყო მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალი, სადაც ის საუბრობდა, რომ დაიბარეს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. ეს ფაქტი თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ეს არის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი, სკანდალური განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებში რაღაცები მოსაწესრიგებელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.