ირაკლი კობახიძე - ისტორია გვაკისრებს პასუხისმგებლობას, დავიცვათ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი, არამედ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა
100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და მინდა, უპირველეს ყოვლისა, მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება – ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 100 წლის წინ წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისაკენ.
„ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის გასვლის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები. ქალბატონებო და ბატონებო, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე – ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ახალგაზრდებს, რომლებმაც დრეს ფიცი დადეს.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა. დღეს თქვენ დაპირდებით სამშობლოს, რომ მას უერთგულებთ და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, ჩვენი თანამედროვე გმირების-ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის საქმეს გააგრძელებთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა სამშობლოსათვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. მინდა, გისურვოთ, სამშობლოსადმი თქვენი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებითა და წარმატებებით აღსავსე. სამშობლო და ხალხი თქვენგან თავდადებას მოითხოვს და განსაკუთრებულად ამაყობს თქვენით. საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და იმედის თვალით შემოგხედავთ, სადაც არ უნდა იყოთ – ჩვენს ქვეყანაში თუ საერთაშორისო მისიებში. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ აყვავებასა და აღმავლობას გისურვებთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.