ირაკლი კობახიძე - ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე - ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია

ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული. იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ი მთლიანობაში 1000 უბანს აკვირდებოდა და ანგარიშში უწერიათ, რომ მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი, რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა.

„700 000-დან რაღაცა დაადგინეს 25, რაღაცა დაადგინეს 16, რაღაცა დაადგინეს ოთხი. ყველა ეს შემთხვევა აღიკვეთა, ყველაფერზე რეაგირება იყო. რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა,  ხოლო რაც დადგინდა, ისიც აღკვეთილი იქნა. მთლიანობაში 1000 უბანზე აკვირდებოდნენ არჩევნებს და მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი, ანუ 1000-დან 900 უბანზე საჩივარიც კი ვერ დაწერეს. საერთოდ საჩივარი არ დაწერილა, ისეთი სახით წარიმართებოდა ეს ყველაფერი.

დანარჩენი რაც უწერიათ, ეს არის პირთა საეჭვო შეკრება. გარეთ მობილიზაციაზე იყო საუბარი. ამომრჩევლის მობილიზება, სავარაუდო კონტროლი. ამაზე ერთი რამ მინდა, გითხრათ – საინტერესო დეტალია. ჩვენ ტრენინგი ჩაგვიტარა IRI-მ, მაშინ ISFED-ის დღევანდელი ხელმძღვანელი IRI-ში მუშაობდა, სადაც ასწავლეს ჩვენებს ასეთი რაღაც – ყველა პარტიას უტარებდნენ ტრენინგებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და ასწავლიდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მობილიზება. ჩვენ სამი კარდაკარი ჩავატარეთ ამ საარჩევნო პროცესში, მათ ასწავლეს ჩვენებს, რომ უნდა ჩაეტარებინათ შვიდი კარდაკარი, ამ კარდაკარის დროს უნდა აეკრიფათ მონაცემები თითოეულ ამომრჩეველთან დაკავშირებით. 7-ჯერ უნდა მისულიყვნენ მათთან და არჩევნების დღეს უნდა ეზრუნათ ამომრჩევლის მობილიზება დილიდან. რომ არ გამოცხადდებოდნენ, ერთხელ, მეორედ, მესამედ უნდა დაერეკათ, თუ არ მოვიდოდა, სახლში უნდა მიეკითხათ. ამას ასწავლიდა IRI ჩვენი პარტიის წევრებს, ისევე როგორც სხვა პარტიის წევრებს. რასაც ასწავლიდნენ ჩვენი პარტიის წევრებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ასე ხდება ამომრჩევლის მობილიზება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამომრჩევლის მობილიზება არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია, ამას წერენ ახლა ხარვეზად.

„როცა ვერაფერს ვერ წერენ, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის მობილიზება არის ხარვეზი, რასაც ისინი ადგენენ, რაც არის აბსოლუტური გაუგებრობა. ბოლო თემა, რასაც შევეხებოდი ამ ანგარიშთან დაკავშირებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ასეთი რაღაც უწერიათ, რომ ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბით მოსყიდვა მოხდა – ეს არის ციტატა დასაწყისში. ახლა რა არის ეს უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, როცა ჩავდივართ უკვე დეტალებში, რა დაადგინა ISFED-მა და როგორ ახდენს ამის განზოგადებას – სულ არის 10 შემთხვევა, რაც უწერია ანგარიშში. დაახლოებით რა შემთხვევებზეა საუბარი: გურჯაანის ოლქი, ერთ-ერთი უბანი – „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობის თანხის გადაცემის შემთხვევა, ვინ გადასცა, ვის გადასცა და გადასცა თუ არა, კაცმა არ იცის. არის აბსტრაქტული რაღაც, თანაც წარმოიდგინეთ, სოფელია, ქალაქია, უბანია. ამოვარდა ასეთი შემთხვევები, როცა ეწერა და გადავამოწმეთ, რომ ცოლმა ქმარს მისცა ფული, ძმამ ძმას მისცა ფული, მეგობარმა – მეგობარს, წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბზეა საუბარი, 700 000 ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში და სადღაც გურჯაანში დაადგინეს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა, ვინ არიან, ისიც არ იციან. ზუსტად იგივე შემთხვევა – სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა, იყო თუ არა ჩვენი კოორდინატორი, ესეც არ იციან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობის თანხა გადასცა. აქაც, ვინ გადასცა, ვის გადასცა, არაფერი უწერიათ. ყველგან არის ასეთი აბსტრაქცია. ვიღაცამ ვიღაცას გადასცა ბენზინის ტალონი, რაღაც უბანზე ალვანში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. სულ არის 10 შემთხვევა. ისინი აკვირდებოდნენ 700 000 ამომრჩეველს და დაადგინეს 10 შემთხვევა, ოღონდ იქ რა ხდებოდა, თავად არ იციან. აქ ამომრჩევლის მოსყიდვა მოხდა თუ სხვა რამე მოხდა, არ იციან. თავში ამას აქვს სათაური ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, მერე არის 10 შემთხვევაზე საუბარი  და ათივე არის სავარაუდო შემთხვევა, სადაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ სინამდვილეში რაიმე მოსყიდვა ხდებოდა.

საბოლოო ჯამში, ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი ის, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული. იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.