ირაკლი კობახიძე - ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს
ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, რა ტიპის გლობალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საქართველოსთან და ნატო-სთან კონფრონტაციამ და, შესაბამისად, რა განსხვავებაა ამ ორ პასუხისმგებლობას შორის, კობახიძემ განმარტა, რომ „ნატო-ს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის, რადგან რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას“.
„მე შიშზე ვსაუბრობ ჩვენთან მიმართებითაც. ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, უბრალოდ, ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა?! ნატო-ს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის, იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას. თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. ნატო-ს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელი ნატო-ზე, მათ იმის ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნატო-ს პოლიტიკოსებს ეშინიათ ბირთვული ომის და ამიტომ არ შედიან რუსეთთან კონფრონტაციაში. ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ომთან მიმართებით, როცა საქართველოს ეხება საქმე. ჩვენ ზუსტად იმავე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვეულებრივ ომთან დაკავშირებით, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობასაც გრძნობს ნატო საკუთარ წევრ ქვეყნებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.