ირაკლი კობახიძე - IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევებით, ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“
ირაკლი კობახიძე - IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევებით, ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“

IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევებით, ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, გახსოვთ, როგორი იყო არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად, რომ „IRI-ს რეიტინგით, რომელიც ჯერ არ არის საჯარო და პარტიებს გადაეგზავნათ, ბევრად მეტია ოპოზიციის ჯამური რეიტინგი, ვიდრე „ქართული ოცნების“. მიანიშნებს თუ არა ეს, რომ მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება?“

კობახიძის თქმით, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.

„როდესაც ვერცერთხელ ვერ ახერხებ არჩევნების შედეგების პროგნოზირებას და მაინც გაქვს ამბიცია, ჩაატარო სოციოლოგიური კვლევები, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ჩვენ ამაზე ღიად ვესაუბრებით IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებს. ასევე, როდესაც ვერ ახერხებ მონაცემების შეწონვას, ე.წ ალოკაციას, ესეც მეტყველებს, რომ, სულ მცირე, პროფესიონალიზმთან არის პრობლემა. შეწონვა ნებისმიერ ოგანიზაციას შეუძლია, ანუ შეგიძლია, ნებისმიერი მონაცემები 100%-ზე დააჯამო, რასაც პრინციპულად არ აკეთებს IRI. უფრო სწორად, ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც IRI-სთან მუშაობს, რადგან ეს ორგანიზაცია პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და იმასაც გაყალბებულს დებს, რასაც აქვეყნებს და პლუს შეწონვა არანაირად არ აწყობს, ეს არის რეალურად სურათი.

რაც შეეხება ჩვენს მონაცემებს, ჩვენ გვაქვს საშუალება, დავუკვეთოთ კვლევები პარტიულად შესაბამის ორგანიზაციებს. ჩვენი მონაცემების მიხედვით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, სადაც შეიძლება, 50%-ზე ნაკლები გვქონოდა. ყველა კვლევაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი. უმეტეს შემთხვევაში, 55%-ზე მეტი იყო ჩვენი რეიტინგი, რასაც, საბოლოო ჯამში, არჩევნებზე ნახავს საზოგადოება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება ოპოზიციას, „ბოლო კვლევების თანახმად, პარტია „ნაცმოძრაობას“ აქვს 20 პროცენტი ან ნაკლები და ვერცერთი სხვა პარტია, დღევანდელი მონაცემებით, ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას“.

„ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საარჩევნოდ და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, არა მხოლოდ უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში, არამედ შეგვიძლია, დაახლოებით 100 მანდატზეც გვქონდეს პრეტენზია. ეს არის დღევანდელი სურათი, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ომის პარტია ორიენტირებული იყო ერთადერთ რამეზე – რაიმენაირად დაერღვიათ მშვიდობა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკა და ასე შემდეგ. ამას ხომ ხედავს საზოგადოება. რა თქმა უნდა, საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ომის პარტიას, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ხედავს, რა ხდება ჩვენ გარშემო რეგიონში, რა ხდება სხვა კუთხეებში, სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. საზოგადოება მხარს დაუჭერს არა ომის, არამედ მშვიდობის პარტიას. პარტიას, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.