ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე ოპოზიციის რეაქცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ 
ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე ოპოზიციის რეაქცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ 

ნატო-ს გენერალურ მდივანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა შეხვედრის გამართვა და აქედან გამომდინარე იყო მისი პოზიცია, რომ შეხვედრა გადატანილიყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც დაინახა, თუ რამდენად არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ შეხვედრის გადადებას, ყოველგვარი სპეკულაციები და ა.შ, მან, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც გადაწყვიტა ამ შეხვედრის გამართვა და თქვენ ნახეთ, რომ სათანადო პატივისცემით და ყველაფრით იყო გამართული ეს შეხვედრა მის საცხოვრებელ რეზიდენციაში“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს მისი ლოგიკური დასკვნაა.

„ნატო-ს გენერალურ მდივანს რომ შეხვედრის გაუქმება სდომოდა იმ მოტივით, რა მოტივსაც ოპოზიცია ასახელებდა, პოლიტიკური მოტივი, დემარში და ა.შ, ბუნებრივია, ის ამ შეხვედრას ბოლომდე გააუქმებდა. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ შეხვედრის გადადებას, პირვანდელ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. გენერალურ მდივანს კოვიდი ახალი გადატანილი ჰქონდა და ამის გამო უჭირდა ზედიზედ ორი შეხვედრის გამართვა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რეაქცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმას, თუ რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ.

„თან, შეგახსენებთ, რომ აქ საქმე ეხება სტრატეგიულ საკითხებს – ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. ისინი აქაც კი ახერხებენ, აბსოლუტურად არაჯანსაღად იმოქმედონ, სადაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.