ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას
ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
„ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.