ირაკლი კობახიძე - ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
როგორც კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შენარჩუნდეს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.
„მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისთვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ვგულისხმობ ჩვენს მმართველ გუნდს, მის ეკონომიკურ გუნდს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, – განაცხადა კობახიძემ.