ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, შემზღუდავი ნორმები კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს და 15 ივლისამდე იმოქმედოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული შემზღუდავი ნორმები კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს.
კობახიძის განმარტებით, დებულების მოქმედების ვადად შეიძლება, პირობითად განისაზღვროს 15 ივლისი, რა დროისთვისაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეები სავარაუდოდ შემცირდება.
„კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე, მინდა, შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე დღესვე რომ განვიხილოთ ასეთი რამ – ის შეზღუდვები, უფრო სწორად ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე, იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავსი აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღესვე განვიხილოთ ეს იდეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის ინიციატივა საინტერესოდ შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
„საინტერესო ინიციატივაა. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია სრულად არ ესწრება. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან შევახსენო, რომ პოლიტიკური და საპარლამენტო პროცესი არ არის, როდესაც მხოლოდ შენ გისმენენ. ასევე მოიცავს, როდესაც შენ უსმენ სხვებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხვალ უკვე სრულად იქნება დასწრება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის ეთანხმება ირაკლი კობახიძის ინიციატივას და ფიქრობს, რომ ეს სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს.
„ბუნებრივია, პირველ რიგში, ვეთანხმები ჩემი კოლეგის, ირაკლი კობახიძის ახალ ინიციატივას. ეს თუნდაც იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომლებიც ვადასთან არის დაკავშირებული. უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა ამ სიტყვების – პანდემიისა და ეპიდემიის დათქმის სახით იყო განსაზღვრული. პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი. განსაზღვრავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით. ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე გადამწყვეტი, საბოლოო, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ასევე ომბუდსმენის ოფისს წინასწარ, საკმარისი დროით ადრე აცნობოს, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, სადაც აღნიშნულ კანონპროექტში შესწორებებზე იმსჯელებენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.