ირაკლი კობახიძე - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტი დაადასტუროს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარია მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადასტუროს.
მისივე თქმით, ასევე „გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი და კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიცია, რომ კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალაა“.
„მიზანი არის მარტივი და მკაფიო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმა არ არის პარლამენტში. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საერთო დღის წესრიგით მოქმედებს, მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს მის მიერვე მოღალატედ გამოცხადებული პერსონის მიმართ, ეს გამორიცხულია. მათ აქვთ საერთო დღის წესრიგი და მათ ჰყავთ საერთო პატრონი. აქედან გამომდინარე, 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რაც ძალიან მარტივი საქმეა. ამის შემდეგ გაშიშვლდება ყველაფერი, გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი; კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ისინი კონსტიტუციაზე 2012 წლამდე და ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ ყველაფერს გავაშიშვლებთ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი აბსოლუტურად წაუგებელი თამაშია. სარჩელის მომზადებაში პირადადაც ვარ ჩართული. ეს არის პარლამენტის წევრების წარდგინება, შესაბამისად, პარლამენტის წევრები პირადად ვართ ჩართული დოკუმენტაციის მომზადებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.