ირაკლი კობახიძე - იმედს გამოვთქვამთ, წარმატებული იქნება ინიციატივა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა
იმედს გამოვთქვამთ, წარმატებული იქნება და დადებითი შედეგი ექნება ინიციატივას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივის წარდგენისას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისურვებდა, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტარების პოზიცია გამართლდეს კანონთან დაკავშირებით, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მედიის განვითარება.
ირაკლი კობახიძემ ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ პარლამენტს კანონის მიღებისას მხოლოდ პოზიტიური მიზანი ამოძრავებდა და უმრავლესობა მზად არის, ერთი წლის თავზე შეაფასონ ის შედეგი, რასაც კანონი მოიტანს.
„კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვამოძრავებდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მიზანი, მიზანი იყო ის რომ გაგვეძლიერებინა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი სოციალური გავლენა ქართულ საზოგადოებაში, იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი იქნება მიღწეული.
ჩვენ კენჭისყრამდე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ერთი წლის თავზე შეგვიძლია, ერთად შევაფასოთ ეს კანონპროექტი და თუ ვნახავთ, რომ ამ კანონპროექტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა კერძო მედიაზე, მათ შორის, შემოსავლების შემცირების კუთხით, შეგვიძლია, ერთად ვიმსჯელოთ ამ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ასევე გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავაკონკრეტოთ შესყიდვებთან დაკავშირებული რეგულაციები და სტარტაპებთან დაკავშირებული რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მსჯელობა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ ერთად ვნახოთ, რა ხდება ფინანსების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს პარლამენტის მიერ 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრის დასასრულს კი სამოქალაქო სპექტრმა ირაკლი კობახიძეს ის ინიციატივები გააცნეს, რაც მათ სხვადასხვა მიმართულებით აქვთ. მათ შორის, მედიის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა წარადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილმა. მისი განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მაუწყებლობას დააკლდა 21% აუდიტორიისა და 26% მოემატა უცხოურ არხებს, მათ შორის რუსულ არხებს, რაც უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემას ქმნის. ამიტომ მან ამ კუთხით კანონშემოქმედების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ფართო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება. ინიციატივა ეხებოდა ქართული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია ევროპულ პროდუქტად ჩათვლასაც.
„აგრეთვე, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საგადასახადო რეგულაციები მედიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თვითონ უმრავლესობის წევრებიც ამბობენ, რომ მედია იქცა ვაჭრობის საგნად. მედია ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესად ამ ქვეყანაში, ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, როგორ იქცეს მედია ბიზნესად, როგორ შეიძლება მას შევახოთ სტარტაპების მხარდაჭერა, რომელიც მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეროგატივად არ უნდა დარჩეს რა თქმა უნდა და აუცილებელია ამ კონტექსტში გადაიხედოს რეგიონული მედიის პრობლემები“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.