ირაკლი კობახიძე - იმედია, ოპოზიცია ხვალისთვის მაინც შეიცვლის დამოკიდებულებას, რადგან მათ არ შერჩებათ საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა, არც ბორელის ლანძღვა და პირობების დარღვევა
იმედია, ოპოზიცია ხვალისთვის მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებას, რადგან მათ არავითარ შემთხვევაში არ შერჩებათ საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა, არც ბორელის ლანძღვა, არც ის, რომ პირობებს არღვევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: „გარდამავალ პარლამენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კეთდება განცხადებებ, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ რამდენიმე თვე რეფორმებისთვის, იყო თუ არა ამაზე საუბარი“.
„ორი წუთის წინ ვსაუბრობდი იმაზე, რომ ერთხელ მაინც თუ გამოავლენენ რაციონალურ მიდგომას და ეს ნარატივი, ეს მესიჯები, რითაც ისინი საუბრობენ, არის კიდევ ერთი გამოხატულება, რომ რაციონალურად არც ფიქრობენ და არც საუბრობენ, დღეს ეს ასე ყოფილა, მე არ ვიცოდი, იმედია, ხვალისთვის მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებას, რადგან საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა მათ არ შერჩებათ არავითარ შემთხვევაში, არც ბორელის ლანძღვა შერჩებათ, არც ის, რომ აქ პირობებს არღვევენ და არც ის შერჩებათ, რომ რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც მათ ხელი უნდა მოაწერონ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ხისტი განცხადებები შეთანხმებას ხელს არ შეუშლის.
„არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, „თუ ვინმე არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც მედიატორის მიერ იქნება შედგენილი, ისინი დასავლელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს არ მოაწერენ ხელს?“, – კობახიძე პასუხობს: „ტექნიკურად ტექსტზე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ეს არის ტექნიკური მხარე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი მზადდება დისკუსიის საფუძველზე, რომელიც ჯგუფში წარიმართება“.