ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც იმოქმედებს არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით
იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც იმოქმედებს არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინის რადაში ინიციირებულ პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კობახიძეს ჰკითხეს: „უკრაინის რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირდა პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნიან, შეიძლება თუ არა, ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ მოექცეს?“
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი.
„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, ეს არის, საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ამ კოორდინაციაში ყველგან ზუსტად იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში, იმოქმედებს არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.