ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტში
ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა პოლიტიკურმა ძალამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციური პარტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი „უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია“.
„ორი კვირის წინ საპარლამენტო გამოსვლის დროს, მე აღვნიშნე, რომ წინა კვირა იყო ლუსტრაციის ორი კვირა და ეს ნამდვილად ასე იყო. იმ ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე. ეს შტურმი ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული მათი მედია საშუალებების გამოყენებით, აქტივისტების გამოყენებით და ა.შ. ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც იყო გასული ორი კვირის განმავლობაში, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე. თუმცა, ეს არ გვაძლევს ბუნებრივია ჩვენ მოდუნების საშუალებას, არის საჭირო ყურადღება. უნდა დავიცვათ ეკლესია და უნდა დავიცვათ ეკლესიასთან ერთად ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან. გასული ორი კვირაც ანალოგიურად იყო ლუსტრაციის ორი კვირა. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს და ა.შ. მეორე მხარეს იდგნენ ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიებს და წარმოიდგინეთ, რომ ეს ორი ძალა იდგა ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ამაზე უკეთეს ლუსტრაციას ბუნებრივია ჩვენ ვერ ვინატრებდით. გრძელდება ლუსტრაცია და ეს ლუსტრაცია გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ, ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, არც მომავალში ეყოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის იმედოვნებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად კვალიფიციური და კეთილსინდისიერი პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ ადგილს.
„ჩვენ, მათი დღის წესრიგით ბუნებრივია ვერ ვიცხოვრებთ, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს ხელისუფლებას მოქმედება. აქ მე მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში წარმოაჩინეს სახელმწიფო, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო. დაიწყო მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საბოლოოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება და დასრულდება ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. მე მაქვს დიდი იმედი, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება არც ერთი „ნაციონალი“ არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები. ბოლოს, მე მინდა საზოგადოებას გადავუხადო, რა თქმა უნდა, მადლობა, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს, სწორად ხედავს ყველაფერს. სწორედ ეს არის მთავარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.