ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ შემოვა, მაგალითად, სააკაშვილის და მელიას ხაზი, ასევე „ევროპული საქართველო“
იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ შემოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის სურვილი ბევრ ოპოზიციონერს აქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„იმედი მაქვს, პარლამენტში ყველა არ შემოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება. მაგალითად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა, ანუ სააკაშვილის და მელიას ხაზი, ასევე „ევროპული საქართველო“. რაც შეეხება სხვებს, მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა სხვა პოლიტიკური ძალები პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი.
პარლამენტში შემოსვლის სურვილი ძალიან ბევრს აქვს, თუმცა ისინი ამჟამად ბულინგის და შანტაჟის გავლენის ქვეშ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ გამომდინარე ამ ზოგადი სულისკვეთებიდან და შემოსვლის სურვილიდან, ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. უახლოეს მომავალში ისინი პარლამენტში შემოვლენ.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე გაგრძელდეს მსჯელობა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება მმართველი გუნდი, თუკი ხმების გადათვლის შემდეგ დამტკიცდება თუნდაც მცირედი გაყალბება.
„ბევრი რამ განვიხილეთ ოთხი რაუნდის ფარგლებში. პირველ რიგში, ეს იყო საარჩევნო რეფორმა, რაზეც სერიოზული მსჯელობა გვქონდა და თითქმის შეჯერებული იყო ამ საკითხზე პოზიციები. მზად ვართ, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა განვაგრძოთ.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, ამასთან დაკავშირებით თხოვნას ჩვენ ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით. კერძოდ, ვთქვით, რომ გადამოწმდება არჩევნების შედეგები. გადამოწმება თუ აჩვენებს თუნდაც მიზერულ გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამაზე თავი შეიკავეს ყველზე მსხვილმა ოპოზიციურმა ძალებმა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი წევრები ყველა კომისიაში და კარგად იციან, რა ხდებოდა კომისიებში. იციან, რომ არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, მათ გადამოწმებაზე უარი თქვეს. მათ უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. გაირკვა, რომ კი არ გაყალბდა არჩევნები, არამედ გაყალბდა გაყალბებაზე საუბარი. ისინი გაყალბებაზე ყალბად საუბრობდნენ. გაგვიყალბეს pvt, გაგვიყალბეს 8-პროცენტიანი მაჩვენებელი. ყალბად საუბრობდნენ თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. არანაირი ფაქტები მოსყიდვასთან დაკავშირებით. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციის მხრიდან მოსყიდვის მეტი ფაქტი დადეს. არანაირი მტკიცებულებები ადმინისტრაციული რესურსთან დაკავშირებით და არანაირი მტკიცებულებები არც ერთი სხვა მიმართულებით. მათ ნახეს, რომ ყველაფერი ფეხქვეშ გამოეცალათ და არავითარი საყრდენი აღარ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი პოზიციები უკიდურესად სუსტია. პოლიტიკურად ჩვენ ძალიან ძლიერი პოზიციები გვაქვს. მათ აქვთ ორად ორი – ცუდი და უარესი. ცუდია პარლამენტში შესვლა, უარესია არშესვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია იმ შეთავაზების შესახებ, რომლის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 48 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას თუ მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
„ჩვენ ასეთ რამეზე არავისთან გვისაუბრია. ასეთი საკითხი არავის დაუყენებია, არც ელჩებს და არც ოპოზიციას მათ შორის რაუნდების მსვლელობის დროს.მცდარი ინფორმაცია იყო გავრცელებული. ჩვენთვის საკითხის ასე დაყენება მიუღებელია. თუ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს გაყალბების დამტკიცება. ჩვენ პირიქით ვამტკიცებთ, რომ არაფერი გაყალბებულა. იქით შევედავებით გაყალბებასთან დაკავშირებით, გაყალბების ოსტატები თავად არიან. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი გადაუგრიხონ. იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ევროპულ საქართველოსაც“. უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.