ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი
ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რაც უკავშირდება ხელახალ არჩევნებს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ პოლიტიკური პარტიები ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქმიანი განწყობა იყო და შესაბამისად, ყველა საკითხის განხილვა საქმიანად წარიმართა.
„რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც ბევრი არ არის დარჩენილი, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პარტიები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. განწყობა იყო საქმიანი და ყველა საკითხი საქმიანად განვიხილეთ. არ ვიცი, შესაძლოა, სხვებს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური. მგონია, ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ინსტრუმენტები აქვთ, რომ პოლიტიკური პარტიებს დროის თვალსაზრისით მეტი შანსი მისცენ, რომ საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ პარლამენტში შესვლაზე.
კობახიძის განცხადებით, რვავე პარტიის მიმართ წინასწარ მოლოდინი ვერ ექნება, მაგრამ იმედი აქვს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას რვავე პარტია მიიღებს.
„თუმცა, ასეც და ისეც, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მომავალ წელს, ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეები უნდა გამოიძიონ და შეისწავლონ იმ ორგანოებმა, რომელთა ფუნქციაც ეს არის.
„რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ამაზეც ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რაც არის ერთადერთი, რომ ასეთი საქმეები იმ ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და შეისწავლონ, რომელთა ფუნქციაც ეს არის. ესენი არიან პროკურატურა და სასამართლო. როცა საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე, შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა დადგინონ, იყო თუ არა მიზეზობრივი კავშირი შანტაჟს, ზეწოლასა და გარდაცვალებას შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.