ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, აშშ-ის შემდეგი ელჩის პირობებში, მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით არიან დაკავებული
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, აშშ-ის შემდეგი ელჩის პირობებში, მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით არიან დაკავებული

იმედი მაქვს, შემდეგი ელჩის პირობებში მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ გუშინდელ განცხადებაზე, რომლითაც საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავენ: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.

„თავის დროზე შედგენილი იყო შესაბამისი კანონპროექტი, რომელზეც უარი ითქვა სამუდამოდ. ჩვენი მიზანი იყო გამჭვირვალობა. რეალურად, გაუმჭვირვალედ ხდება დაფინანსება კონკრეტული ორგანიზაციების, რომლებიც ქვეყანაში შუღლის გაღვივებით არიან დაკავებული. სამწუხაროდ, გარედან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას დღემდე არა აქვს ინფორმაცია, ვინ იღებს ამ დაფინანსებას, რამდენს იღებს, რისთვის იღებს და ასე შემდეგ. უკეთესი იქნებოდა, ეს გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა შესაბამისი დონორების ინტერესებში არ არის, ეს დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გაარკვევს, რომ კონკრეტული წყაროებიდან ხდება საქართველოში აგრესიის, რევოლუციური სცენარების დაფინანსება. ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი დაფინანსების შემთხვევებს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში რაღაც რევოლუციური გეგმების რეალიზებით არიან დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.