ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მომავალ წელს ომი დასრულდება და გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკის განვითარებას დაბრკოლება არ შეექმნას
გვაქვს რწმენა, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება და თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტნიორებთან ურთიერთობებში არის გარკვეული სირთულეები, თუმცა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პრობლემები მოგვარდება.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება. შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც, ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.