ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული, შანსები ძალიან კარგია
პროგნოზს არ გავაკეთებ იმ თემაზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირმა. ამაში ჩართული იქნება ყველა სტრუქტურა, მათ შორის ევროპარლამენტი, აღმსარულებელი სტრუქტურები. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რა ვადაში შეიძლება, მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
როგორც კობახიძე ამბობს, იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული.
„შანსები არის ძალიან კარგი. პროგნოზს არ გავაკეთებ იმ თემაზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირმა. ამაში ჩართული იქნება ყველა სტრუქტურა, მათ შორის ევროპარლამენტი, აღმსარულებელი სტრუქტურები. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან პროგნოზის გაკეთება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული და იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, იმავეს ვუსურვებ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ სამმა ქვეყანამ, ე.წ. ტრიომ ერთდროულად პრაქტიკულად შევიტანეთ ეს განაცხადი. მგონი, პერსპექტივები ძალიან კარგია და იმედია, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას დაწყებული აქვს მუშაობა განაცხადის წინააღმდეგ, თუმცა კობახიძე ფიქრობს, რომ მათ არ აქვთ რესურსი, შეცვალონ რაიმე.
კითხვაზე: „რამდენად არის მზად თქვენი გუნდი მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად“, კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი წინაპირობაა ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ნათლად მიყვებიან.
„პირველ რიგში, რაც შეეხება ანულირებულ დოკუმენტს, ბუნებრივია, ანულირებული დოკუმენტი აქ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიტერიუმი. ჩვენ გვაქვს ერთი დოკუმენტი, რომელსაც მივყვებით და ეს არის ევროკავშირთან შეთანხმებული დოკუმენტი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც შეთანხმებულია. მათ შორის ამ დოკუმენტში არის ასახული სასამართლოსთან დაკავშირებული პუნქტებიც და რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამ პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით და ამ დოკუმენტს ბუნებრივია, ბოლომდე მივყვებით. აქაც ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას. არაფერ შუაში არ არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ან კანდიდატის სტატუსის მიღებასთან მიშელის დოკუმენტი, რომელიც იყო პოლიტიკური შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც სხვათა შორის, მუდმივად ხაზს უსვამდნენ ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები. ამ დოკუმენტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა გაწევრიანებასთან, ამ დოკუმენტის მიზანი იყო, დასრულებულიყო ხელოვნური კრიზისი, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. პრინციპში, ეს მიზანი ამ დოკუმენტით შესრულდა, რისთვისაც ჩვენ მადლობა გადავუხადეთ კიდეც შარლ მიშელს.
რაც შეეხება თვითონ ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის დამოკიდებული ერთადერთ დოკუმენტზე. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ განზრახული გვქონდა 2024 განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ იმის გამო, რომ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა ორ წელიწადში 70 პროცენტამდე გვინდოდა მიგვეყვანა, თუმცა შეიცვალა კონტექსტი და ჩვენ მივიღეთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება ამ განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ამას ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა და სწორედ ამიტომ მივედით ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი დოკუმენტი, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისა და მანამდე კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა, ასოცირების დღის წესრიგია, რომელსაც ჩვენ ნათლად მივყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.