ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა გაღრმავდება, ოპტიმიზმის მყარი საფუძველი გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ მჭიდრო თანამშრომლობისთვის
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედი აქვს, ახალი ელჩის პირობებში გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება აშშ-ის ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკაშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც არის აუცილებელი, რომ გაღრმავდეს ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სასტუმრო „შერატონში“ გააკეთა, სადაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი მიღებას მართავს. გაცნობით შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. სასტუმრო „შერატონში“ იმყოფებიან მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, მესამე სექტორისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.