ირაკლი კობახიძე - იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების აეროპორტებიც
რუსეთთან ფრენებს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთს, რაც გულისხმობს, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია არ იქნება მიღებული საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების აეროპორტებიც.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაზე საუბარი უბრალოდ სპეკულაციაა და ეს აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყანაში უნდა ქაოსი და მეორე ფრონტი.
„რუსეთთან ფრენებს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები, რომელიც მოქმედებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. მაგალითად, ეს არის თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის. ყველას აქვს სხვადასხვა ხარისხის პარტნიორობა დასავლეთთან. თურქეთი არის ნატო-ს წევრი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ისრაელს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, აზერბაიჯანსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები და ასე შემდეგ. არსებობს კონკრეტული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთ მოდელს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია არ იქნება მიღებული საქართველოში. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები უბრალოდ არ არსებობს. ეს კითხვის ნიშნები თუ შეიძლება არსებობდეს, მაშინ იგივე კითხვის ნიშნები უნდა იყოს ისრაელთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით.
თავისთავად აბსურდია ის, რომ ამ დროს, მაგალითად, ხოშტარია, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან, აანონსებს რაღაც აქციებს და ასე შემდეგ. აქედან ჩანს მთელი სიყალბე ამ ადამიანების, რომლებიც საუბრობენ, თითქოს რაღაც არის საფრთხის შემცველი და რაღაც არის მიუღებელი. ესენი არიან ყალბი ადამიანები. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების შესაბამისად, რაც გვაქვს გაცხადებული. ეს გულისხმობს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება, სანქცირებული ბორტები, შესაბამისად, არ დაიშვებიან საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც არ მოხდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი.
ვინც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ განვმარტეთ, რა უნდათ მათ. ეს არის მინუს 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკური ე.წ. ზრდა, ანუ ეკონომიკური ვარდნა. სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება წლიური მინუს 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკური ვარდნა, რაც ნიშნავს, რომ რა ვითარებაც გვქონდა ქვეყანაში კოვიდის დროს, იმაზე ორჯერ-სამჯერ მძიმე ვითარება გვექნება. ამას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია. სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი. ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა ეკონომიკის სამინისტროს და ასევე შესაბამისი სააგენტოების მხრიდან ყველაფერთან, სანქციებთან, სანქციების გვერდის ავლასთან, მოდელების ამოქმედებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამაზე იზრუნებს ეკონომიკის სამინისტრო, იზრუნებენ შესაბამისი სააგენტოები და ყველაფერი იქნება დაცული, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება სანქცირებული ბორტები მიღებული, რა თქმა უნდა, აეროპორტები ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების აეროპორტები. ამაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაცია და ეს სპეკულაცია ერთადერთი აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ქაოსი და მეორე ფრონტი, მეტი ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.