ირაკლი კობახიძე - იმ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები
ირაკლი კობახიძე - იმ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები

იმ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა ოქტომბრის არჩევნებში.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „გვინდა, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ, ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს“.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დაკვირვებისთვის. ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, სხვა მისიებიც. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. მით უმეტეს, ქვეყნდება ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები, ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს „პივიტი“, სხვა მონაცემები და იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.