ირაკლი კობახიძე - იმ კანდიდატებით, რომლებიც ოპოზიციამ დაასახელა, კიდევ უფრო გაგვიადვილდება პირველ ტურში არჩევნების მოგება
იმ კანდიდატებით, რომლებიც ოპოზიციის მიერ იყო დასახელებული, კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება პირველ ტურში არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდება ერთიან კანდიდატებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება პირველივე ტურში არჩევნების მოგება.
იმ კანდიდატებით, რომლებიც მათ მიერ იყო დასახელებული, კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება ჩვენ პირველ ტურში არჩევნების მოგება, გამომდინარე იქიდან, რომ ესენი არიან რეპუტაცია შელახული პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დღეს დაასახელა.
კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.