ირაკლი კობახიძე - ილუზია თუ აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ივანიშვილი და მისი ხასიათი
შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში. როდესაც ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი ერთი თვის განმავლობაში აფერხებს გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არ იცის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც: „პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია აქცენტს აკეთებს შვეიცარიული ბანკიდან ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხებაზე. ამ პროცესებს უკავშირებს ამერიკას და რომ ეს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევასთანაა დაკავშირებული“.
„კითხვებს რაც შეეხება, ეს კითხვები არის ლეგიტიმური და არც თუ უსაფუძვლო. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ალბათ ლოგიკურია, ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი კოორდინაცია, მაღალი ხარისხით. გვახსოვს იგივე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად აუხსნელი, ალოგიკური და აქაც კოორდინაცია ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც, სამწუხაროდ, ალოგიკური მოვლენები იყო, ევტუშენკოვის ზარი, ესეც გაუგებარია. კაცია, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება, ამასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს კაცი ახორციელებს ზარს და შემდეგ ეს ზარი ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. რაღაც გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით ერთი თვის განმავლობაში იყო აწეული, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა პრაქტიკულად ამაზე. როდესაც ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, რა თქმა უნდა, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.
არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ სულ მცირე, ეს მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, ვფიქრობ, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს მათ შორის ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ამ კაცმა გამოვლინა 2012 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ვისგან შეიძლება, მოდიოდეს ეს კოორდინაცია, კობახიძე პასუხობს, რომ მას აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში ვერ შევა.
„იმედია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ საბოლოო ჯამში უნდა იცოდეს, ვის სურს, საქართველო ჩაერთოს ომში და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს ომში საქართველოს ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს და ვის არ სურს. მე არ ვიცი. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს და ამას არც მალავენ და ვერც მალავენ, მათ შორის საკუთარი გარეექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილითა და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე. ანუ, მათ რომ სურთ და ისინი რომ არიან „ომის პარტია“, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმიით. რაც შეეხება ზოგადად მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი. საერთაშორისო მედიაში იყო ამაზე გავრცელებული განცხადება, თუ არ ვცდები, ადვოკატის მხრიდან იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, თვითონ გამოვიდეს და თვითონ გამართოს პრესკონფერენციები ამ თემასთან დაკავშირებით. მე დაველოდებოდი მის პოზიციას ამ თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ როცა ერთი თვის განმავლობაში ფერხდება გადარიცხვა, რომელსაც სტანდარტულად რამდენიმე საათი სჭირდება და შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაძლოა, ამან ღრმა ეჭვები გამოიწვიოს და საუბარია იმაზე, ხომ არ არის ეს პოლიტიკური შანტაჟი.
„რაც შეეხება ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას სტანდარტულად სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება, შეხვიდე. ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ ცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.