საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა.
პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში.
ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ, სფეროში.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.