ირაკლი კობახიძე - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატო-ს განსაკუთრებულ ინტერესს ცხადყოფს
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატო-ს განსაკუთრებულ ინტერესს ცხადყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ნატო-სთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ნატო-ს თანდათანობით დაუახლოვდება და ჩვენ საბოლოოდ ნატო-ს წევრი ქვეყანა აუცილებლად გავხდებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ არჩევნების საკითხზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
„ყველა ვთანხმდებით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში.
დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს სურს იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.