ირაკლი კობახიძე - რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა უსაფრთხოებისათვის
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წლევანდელი სემინარის თემა მიმზიდველია, რადგან შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი.
„გასულ წელს, საქართველომ უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას – სემინარს, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს პარლამენტის ურთიერთობას ნატო-სთან. ჩვენ ამ ღონისძიებას სიამაყით ვიხსენებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან და მის წევრ პარლამენტებთან სამომავლოდ უფრო გამყარდება. წლევანდელი სემინარის თემა ჭეშმარიტად მიმზიდველია. შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, მსურს განვაცხადო, რომ 2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. დღესდღეობით, ევროინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგი გამოხატავს ქართველი ხალხის ღრმა მისწრაფებას. მინდა მოგახსენოთ, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროევროპული პლატფორმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსს გააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მიერ”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად.
საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზღვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.