ირაკლი კობახიძე - გვთხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ, ქვეყანას ვერავის ავარევინებთ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრი „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა.
კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, მათ მიმართ სანდობაა ნულის ტოლია.
„ეს ორგანიზაცია ჩვეულებრივად მიკერძოებულია. რაც შეეხება დიაგნოზს, მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს ან არაპატიმარს. ანუ, გარკვეული ტიპის სამედიცინო გადახრები და სამედიცინო ჩვენებები შეიძლება, აღენიშნებოდეს სხვა პატიმრებს. ეს ჩამონათვალი არაფერს ნიშნავს, კონკრეტულად უნდა მიუთითონ ასეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც სხვა პატიმარს არ აქვს. ამას არ ამბობენ და მშრალი საუბარია, პიარკამპანია, ლობისტური კომპანიები, რაც პრინციპულად მიუღებელია. ქვეყანას ვერავის ავარევინებთ, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. მთავარია, დიაგნოზი, როგორია პატიმრის მდგომარეობა, ასევე პატიმარი ემორჩილება თუ არა მითითებებს, მკურნალი ექიმების რჩევებს. ვინც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მან უნდა ისაუბროს და წარმოადგინოს ინფორმაცია. ქირაობენ ლობისტურ კომპანიებს, 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მიზანია, თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რაც მას აქვს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების მიმართ. ბუნებრივია, ამას ვერ გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ დიაგნოზი, თუმცა ამას ვერ აკეთებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს მკურნალობისა და უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.
„მე რა ვიცი, სასამართლო რას იზამს. საჯაროდ რა ინფორმაციაც წარმოადგინეს, ვერაფრით დაასაბუთეს, რომ სააკაშვილს აქვს რაიმე ისეთი დაავადება, რაც სხვებს არ აქვთ და რაც განაპირობებს მის გათავისუფლებას. არის გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ, თუმცა ეს ადამიანები სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რაც აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს – ყველაფერს, პიარული და პოლიტიკური კამპანიაა, რათა სააკაშვილი ქვეყნის ასარევად გათავისუფლდეს.
სამწუხაროდ, 400 დღეა, სპეკულაციებს ვისმენთ. დიაგნოზი, ინფორმაცია, არაფერია კონკრეტული, მიუხედავად იმისა, რომ თავად წერენ ყველაფერს, უცხოელი და ქართველი ექსპერტები ჩამოჰყავთ, ვერაფერს წერენ, ვერაფერს ამბობენ. პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ პატიმარი სათანადო პირობებშია, უფრო მეტიც, ის არის პრივილიგირებულიც კი სხვა პატიმრებთან შედარებით, სამწუხაროდ. სხვა პატიმრები იმავე ჩვენებებით არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სააკაშვილი იმავე ჩვენებებით ამდენი დღეა, საავადმყოფოშია. სამწუხაროდ, პრივილეგირებულია, სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს – მკურნალობისა და უფლებების დაცვის. 400 დღეა, სპეკულაციების ფონზე სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის კლინიკაში.