ირაკლი კობახიძე - გვქონდა კონსულტაციები პარტიიდან წასულებთან და პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ჰქონდათ კონსულტაციები, რის თანახმადაც, ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას – „ქართულ ოცნებას“ 75 ხმა აქვს, კანონპროექტების მიღებისთვის საჭიროა 76 ხმა, დაუჭერენ თუ არა „ოცნებიდან“ წასული ხალხი მხარს 12 რეკომენდაციის შესრულებას?“.
კობახიძის თქმით, პარტიიდან წასულები რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები.
„ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან პრინციპული. მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს, პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ერთად ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები ამ მოძრაობის დეპუტატი წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.