ირაკლი კობახიძე - გვქონდა ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დაგეგმილი სარჩელის შეტანა არჩევნების შემდეგ, ლოგიკურია, რომ საია-ს სარჩელი ემსახურება ფონის შემზადებას მეორე სარჩელისთვის
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს შორის პირდაპირი თანხვედრაა.
მისივე განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ემსახურება ზუსტად იმ ინტერესებს, რასაც მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“.
„ამ შემთხვევაში აშკარაა, პირდაპირი თანხვედრა ინტერესებს შორის. ორი კვირით ადრე ეს სარჩელი ემსახურება ზუსტად იმ ინტერესებს, რა ინტერესებსაც მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“. მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ შეიძლება, რაიმე წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში და მხოლოდ ამგვარი ნაბიჯებით გეგმავენ რაღაც სიტუაციის არევას, თუმცა აბსოლუტურად უპერსპექტივოა ამგვარი ქმედებები. თქვენ იცით, რომ ფართო კონსენსუსით იქნა კანონი მიღებული, სადაც არის ასახული ეს დაყოფა, იმ პარტიებმაც კი მოიწონეს ეს დაყოფა, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხმა არ მისცეს კანონს. „ლელოსთანაც“ იყო გავლილი ეს დაყოფა, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ცალკე კონსულტაციები იყო გავლილი. წარმოიდგინეთ, რომ ამ პროცესში არაფერი არ უთქვამს არც ერთ არასამთავრობო ორგანოზაციას, მათ შორის არც საიას, იქიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობენ და ზუსტად არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეაქვთ სარჩელი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2016 წელს არჩევნებამდე ორი თვით ადრე შეიტანა. ეს ფაქტი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. დღესავით ნათელია, რა დგას ამის უკან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, თავად სარჩელი იმდენად აბსურდულია, რომ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
„ამაზე ვსაუბრობ მთელი პასუხისმგებლობით, როგორც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი. ზოგადი გათვლა არის დამატებითი ნეგატიური ელემენტების შემოტანა წინასაარჩევნო პროცესში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თვითონ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დაგეგმილი სარჩელის შეტანა არჩევნების შემდეგ, ცალკე არის განსაზღვრული პროცედურა, როდესაც შენ შეგიძლია, კონკრეტულ ნორმაზე დაყრდნობით მოითხოვო ჯერ ნორმის არაკონსტიუციურად ცნობა და შემდეგ ამის საფუძველზე არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ამის პრეროგატივა სარჩელის საფუძველზე. ამ სარჩელის შეტანა შეუძლია ან ომბუდსმენს ან 30 დეპუტატს. მათ ჰქონდათ გეგმა, ერთი ან მეორე მიმართულებით შეტანილიყო სარჩელი არჩევნების შემდეგ. ლოგიკურია, რომ ეს სარჩელი ემსახურება რაღაც ფონის შემზადებას ამ მეორე სარჩელისთვის. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ასეთი სარჩელი შედის, ამის უკან პილიტიკური მოტივაცია ძალიან მარტივად იკითხება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საია-ში განმარატვენ, რომ გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია.