ირაკლი კობახიძე - გვინდა, რომ, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის
სინამდვილეში, კორუფცია თუ სადმეა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ აღვირახსნილი კორუფციაა „ენჯეოების“ სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მოხვდეს ევროპის ქვეყნების სამეულში.
„მთავრობის საქმიანობას რაც შეეხება, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის ამ თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. გვაქვს ამბიციური მიზანი – ჩვენ გვინდა, რომ, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს ამბიციური მიზანი და ამ მიზანს მივყვებით ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერმა.