ირაკლი კობახიძე - გვჭირდება განახლება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ
ირაკლი კობახიძე - გვჭირდება განახლება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ

გვჭირდება განახლება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება საუბარი. ჩვენ გვჭირდება განახლება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებს ხუმრობით უთხრა: „მე ვაპირებ უზენაეს სასამართლოში გადავიდე თავმჯდომარედ, ეს არის ჩემი უახლოესი გეგმები“.

ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატ შალვა თადუმაძეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ბუნებრივია თითოეულ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. სწორედ ამიტომ გავხსენით ეს პროცესი და შალვა თადუმაძესაც, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ შერჩევაში. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა კობახიძემ.